მახვილგონივრული და სევდიანი სოციალური დრამა – ლტოლვილობის საბუთის გაუთავებელი ლოდინი შოტლანდიის მკაცრ და ამასთანავე ულამაზეს კუნძულზე.
ომარი სირიიდან ომს გამოქცეული ახალგაზრდაა, რომელიც სხვა ლტოლვილებთან ერთად ცხოვრების უფლების პასუხს ელოდება შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე. მისი დედ-მამა და უფროსი ძმა, რომელმაც ბრძოლის გზა აირჩია, მისგან ძალიან შორს არიან. მისი მცირე ნუგეში მის საერთო საცხოვრებლის მობინადრეებთან საუბრები და მისი სიმებიანი მუსიკალური საკრავია, რომელსაც იგი ყველგან თან დაატარებს.
ბრიტანელმა რეჟისორმა ბენ შაროკმა კომიკური, მაგრამ თანაც მგრძნობიარე, ღრმა, და საოცარი ვიზუალის მქონე ფილმი შექმნა. აუღელვებელი თხრობის სტილი, კარგად დაყენებული კადრი(ოპერატორი-ნიკ კუკი), იმ მაგიის წყალობით რასაც კინო ჰქვია გვახედებს პერსონაჟების შიგნით და მათ განცდებზე გვიყვება.