რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დამლაგებელი (Maid)

მარგარეტ ქუელი ნეტფლიქსის დრამაში ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედაზე

მარგარეტ ქუელი სერიალიდან ‘Maid’

ნეტფლიქსის მინისერიალ “დამლაგებელის” პირველ ეპიზოდში, დასაწყისში ვხედავთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ღამე თავის შვილთან ერთად, სახლიდან თავის მოძალადე ქმარს გაურბის. ალექსს არ აქვს არანაირი გეგმა, დანაზოგი ან ადგილი, სადაც წავა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სიტუაცია, რომელშიც იმყოფება შვილისთვის უსაფრთხო აღარ არის, ამიტომ მის დასაცავად საკუთარი სახლის დატოვება უწევს.

“დამლაგებელი” ინსპირირებულია სტეფანი ლენდის მემუარით “დამლაგებელი: რთული სამუშაო, დაბალი ანაზღაურება და დედის სურვილი გადარჩეს.” სერიალში შენარჩუნებულია მემუარის ხასიათი, შინაარსი, ის სირთულეები, რასაც სტეფანი ლენდი აწყდებოდა, თუმცა, ტექსტისგან განსხვავებით მოლი სმიტ მეცლერი მთავარ პერსონაჟს, ალექსს  იუმორის შეგრძნებას აძლევს, რაც ძალადობით, დამცირებითა და სირთულეებით აღსავსე ისტორიაში იმედს აჩენს. “არ მინდოდა ისეთი რაღაცის დაწერა, რაც იმდენად ბრუტალურია, რომ პირველი ეპიზოდის შემდეგ გამორთავ.” სერიალის პროდიუსერები მსახიობი მარგო რობი და ჯონ ველსი (ER, The West Wing, Southland, Shameless) არიან და მისი მუშაობის გამოცდილება “Shameless”-ზე ან უნარი ზუსტად ასახოს ამერიკული სოციალური პრობლემები ამ ორ სერიალს ერთმანეთის მსგავს ატმოსფეროს აძლევს.

ენდი მაკდაუელი სერიალიდან ‘Maid’

“დამლაგებლის” ყველა პერსონაჟი ქაოტურია. ალექსის პარტნიორი ალკოჰოლიკი და მოძალადეა, დედა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხელოვანია, რომელიც თავის სამყაროშია ჩაკეტილი და უარს ამბობს ყველანაირ დახმარებაზე, განსაკუთრებით სახელმწიფოსგან და ალექსის მსგავსად მისი მამისგანაა ძალადობის მსხვერპლი. პოლას (დედა) ზუსტად ისეთივე ისტორია აქვს, როგორც მას [ალექსი], ორივე გაურბის ძალადობას და შვილის გადარჩენას ცდილობს. თუმცა, პოლას შვილისგან განსხვავებით ფსიქოლოგიური თუ მატერიალური ზეწოლის აღქმის უნარი არ აქვს, რადგან მისთვის ძალადობა მხოლოდ ფიზიკურია, ამიტომ მისი ახალი ურთიერთობები ზედაპირზე თითქოს მწყობრშია, რადგან პოლა თავს ბედნიერად გრძნობს ან აჩვენებს, მაგრამ სიღრმეში პრობლემური და ხშირად დამამცირებელია. 

სერიალი უმთავრესად უხილავ ძალადობაზე გველაპარაკება. მიზეზი, რის გამოც ალექსი სახლს ტოვებს შონის უკონტორლო და აგრესიული სიმთვრალეა, რაც ნივთების ლეწვითა და ყვირილით, ჩხუბითაა გამოხატული. ამის მიუხედავად, არ არსებობს ფიზიკური ძალადობის რაიმე ნიშანი, შონს არასდროს დაურტყამს ალექსისთვის, მაგრამ ყველანაირად ცდილობს მის კონტროლს. ალექსი არ მუშაობს, ვერ სწავლობს კოლეჯში, სადაც დაფინანსება მოიპოვა, არ აქვს დანაზოგი, საწვავის ფული, პროფესია ან გამოცდილება, რითაც შონისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს. “პოლა ხშირად ამბობს, – “ფულთან მიმართებით ძალიან ცუდი ვარ ამიტომ ფინანსურ საკითხხებს ის [მისი პარტნიორი] მართავს” – ალბათ გაგიგიათ ეს, მაგრამ თუ ფინანსურად დამოკიდებული ხარ ვინმეზე და არ გაქვს ფული საწვავისთვის, ვერ წამოხვალ, ვერ დაძრავ მანქანას, რაც ემოციური ძალადობის ძალიან მიღებული ფორმაა,” – ამბობს მოლი მეცლერი.

რეიმონდ აბლექი სერიალიდან ‘Maid’

“დამლაგებლის” წამყვანი პერსონაჟი ალექსთან ერთად მისი შვილი მედია. რამდენადაც ამძიმებს მისი არსებობა ამბავს, რადგან უდიდეს ემპათიას გრძნობ და განიცდი, როდესაც სადგურის იატაკზე ან მანქანაში სძინავს მას, ამავდროულად ახალისებს და სიმსუბუქეს ანიჭებს სერიალს. საყურებლად ყველაზე რთული ის ეპიზოდებია, სადაც ალექსს უწევს დაამტკიცოს, რომ ღირსეული დედაა და შვილზე ზრუნვა და პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, რადგან ამას მაყურებელი ყოველგვარი მტკიცების გარეშე ხედავს.  ალექსი ყველაფერს აკეთებს, რომ მედიმ თავი კარგად იგრძნოს, უკანასკნელი ცენტებით ყიდულობს ქალთევზა შმერიელს Dollar Store-დან და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მის გასახალისებლად მღერის მედის საყვარელ სიმღერას, Salt-N-Pepa – Shoop. 

“დამლაგებლის” მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც არანაკლებ საინტერესოა. რეჯინა, იურისტი, რომლის სახლსაც ალექსი ალაგებს, საბოლოოდ მისი მთავარი მხარდამჭერი ხდება და ბიძგს აძლევს, რომ საკუთარი ოცნებებებისთვის (გადავიდეს მისულაში, დაიწყოს სწავლა კოლეჯში და გახდეს მწერალი) იბრძოლოს. ასეთივე ძალაა თავშესაფარში გაცნობილი დენიელი, რომელიც ალექსს ფიზიკურადაც და სულიერადაც ფეხზე დადგომაში ეხმარება პირველი დაბრკოლების შემდეგ. 

ალექსის ისტორია გვაჩვენებს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და მაშინაც კი, როდესაც არაფრის იმედი არ გაქვს, შეგიძლია შენ თავში მოიპოვო ძალა და უარი თქვა იმაზე, რაც გაზიანებს და საფრთხეში გაყენებს. მებრძოლი ქალის გარდა, რაც სერიალის მთავარი ხაზია, “დამლაგებელი” გვასწავლის ემპათიას ადამიანების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შონი მოძალადეა ან პოლა “ცუდი დედაა,” რადგან არასდროს არ არის შვილის გევრდით, პერსონაჟები მხოლოდ ერთი მხრიდან არ ჩანან, ყველას აქვს წარსული და ისტორია, ტრავმები, რის გამოც ამ მდგომარეობაში არიან. თუმცა ემპათია არა მათი სიყვარულია ან მათი ქმედებების გამართლება, რის გამოც რაიმე უნდა ვაპატიოთ,  არამედ იმ ფაქტის მიღება და იმის აღიარება, რომ მათი პრობლემებიც მნიშვნელოვანია. ამიტომაც არ არსებობს სწორხაზოვნად “ცუდი” პერსონაჟი. 

საბოლოოდ, “დამლაგებელი” სევდიანი, მძიმედ საყურებელი ამბავია ყველასგან მიტოვებულ ქალზე, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს მარგარეტ ქიუელი.

88/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ქილერმენი (Killerman)

ქილერმენი (Killerman)

| ამნეზია, ბევრი ფული და სახიფათო სიტუაციები ნიუ-იორკის შემოგარენში

შემდეგი
ყინულოვანი შიში (Cold Meat)

ყინულოვანი შიში (Cold Meat)

| ბრძოლა გადარჩენისთვის კოლორადოს სუსხიან გარემოში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share