რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ამერიკული ფიქცია (American Fiction)

ფარისევლობისა და იდენტობის გამოკვლევა საგამომცემლო სამყაროში

Jeffrey Wright in ‘American Fiction’

American Fiction – ამერიკელი რეჟისორის კორდ ჯეფერსონის სადებიუტო ფილმია და ამავედროს ასევე ამერიკელი მწერლის, პერსიველ ევერეტის წიგნის, Erasure-ის ადაპტაციაა. წინა წელს, ფილმმა მოიპოვა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის People’s Choice-ის ჯილდო. იმავე წლის 23 დეკემბერს კი, ოსკარების 96-ე ცერემონიაზე წარადგინეს “საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა” და “საუკეთესო ფილმის” კატეგორიებში. კორდ ჯეფერსონის რეჟისორულ ამპლუაში ხილვა საინტერესოა, ვინაიდან მანამდე მას ნამუშევარი აქვს ისეთ სერიალებზე როგორებიცაა: Watchmen, Succession, The Good Place და Master of None.

American Fiction ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ როგორც ტიპური ფილმი “შავკანიანების შესახებ შავკანიანებისთვის”, სადაც ისინი ბოლომდე დასცინიან ე.წ. “თეთრ მჩაგვრელებს” და ნაჩვენებია ამერიკის ღარიბ, უბედურ, ფერადკანიანთა გაჭირვებით სავსე ცხოვრება. თუმცა ჩემი აზრით ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. ფილმი მშვენიერი კომედიაა მწერლის შესახებ, რომელსაც არ შეუძლია იყოს თვითმყოფადი.

Sterling K. Brown in ‘American Fiction’

სიუჟეტი მოგვითხრობს მწერალ თელონიუს ელისონის (ასევე ცნობილი ზედმეტსახელით “Monk”) ცხოვრებაზე, რომელიც მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაშია – დედა მძიმედაა დაავადებული, დაუდგინდა ალცჰაიმერის ადრეული სიმპტომები და მასზე ზრუნვის ფული არ აქვს, რადგან არავის აინტერესებს თელონიუსის წიგნები. რატომ? იმიტომ რომ, Monk ზედმეტად ორიენტირებულია შავკანიანი ადამიანების რეალური ცხოვრების ავთენტურად ასახვაზე. მაგრამ ახლა, როცა ცხოვრების მახრჩობელა ხელები მის ყელს სწვდება, უფრო და უფრო კუმშავს, გადაწყვეტს გადადგას გაბედული ნაბიჯი – დაწეროს ისეთი ბნელი, სასაცილო და სტერეოტიპული ისტორია შავკანიანზე, რომელიც აქამდე არავის შეუქმნია.

ფილმი მშვენივრად დასცინის როგორც ფარისეველ გამომცემლებსა და პრომოუტერებს, ასევე თავად მწერლებს, რომლებმაც თავადაც არ იციან, რაზე წერენ. ხოლო, ასეთი იუმორის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ კინო არ ცდილობს მაყურებლის შეურაცხყოფას, პირიქით – ძალიან ცოცხლად და მსუბუქად არის მოწოდებული და შესაბამისად ფილმი ადვილი “ასათვისებელია”. American Fiction-ის ფინალი, თავისი მცირე მეტა ელემენტებით ზოგიერთს შესაძლოა ოდნავ აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ფილმი უპირველს ყოვლისა, კომედიაა და შემდგომ – “სოციალური დღის წესრიგი” (Social agenda)

Tracee Ellis Ross and Leslie Uggams in ‘American Fiction’

თუმცა არა, “სოციალურმა დღის წესრიგმა” შეიძლება მესამე ადგილზეც კი გადაინაცვლოს, რადგან ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახური დრამა, რომელიც ვითარდება მთავარ გმირსა და მის ნაცნობებს შორის. თელონიუსი ძალიან ჩაკეტილი და ამაყი ადამიანია, რაც ხშირად ხელს უშლის მას საერთო ენის პოვნაში ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი. მაგრამ ამავე დროს, ოჯახი, არსებითად, მისთვის ერთადერთი რამ არის ცხოვრებაში, რასაც გულწრფელად აფასებს. ხოლო იმის ყურება, თუ როგორ ტუქსავს მის ძმას თელონიუსი ან ცდილობს იზრუნოს დედაზე, ძალიან ემოციურია. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი გადამწყვეტ როლს თამაშობს გმირის როგორც პირად, ისე მთლიანად ფილმის მთავარ კონფლიქტშიც.

მთავარი კითხვა, რომელსაც American Fiction უსვამს მაყურებელს, შემდეგშია: “რა არის შენი სიმართლის ფასი, თუ საკუთარი თავის არ გჯერა?”თელონიუსს იმდენად აქვს გადაწყვეტილი “აუხილოს სამყაროს თვალები”, რომ ვერ ამჩნევს, როგორ იქცევა ნელ-ნელა ისტერიულ სოციალური სამართლიანობის მეომრად (SJW / Social Justice Warrior), რომელსაც ერთ დროს თვითონ აქილიკებდა და დასცინოდა. ამ ყველაფერთან ერთად, მას არ სურს აღიაროს თავისი “მაკულატურის” მოულოდნელი, არნახული წარმატება და უფრო იძირება არც ისე სახარბიელო ცხოვრების უფსკრულში. და რაც უფრო დიდხანს უყურებ ამ სანახაობას, მით უფრო გეჩვენება რომ მთელი ეს კუდაბზიკობა და შეუპოვრობა თანდათან ემსგავსება უხილავ ქარის წისქვილებთან ბრძოლას. “მაგრამ მაშინ როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლობას?” – იკითხავს მაყურებელი.

Nicole Kempskie and Issa Rae in ‘American Fiction’

“იყავი საკუთარი თავის ერთგული!,” პასუხობს ფილმი. “ამერიკულ ფიქციაში” კარგად არის წარმოჩენილი ბალანსი პირად ამბავსა და “სოციალურ დღის წესრიგს” შორის , რაც ფილმის კრეატიულობაზე მეტყველებს და ამით ორიგინალურად აწვდის მაყურებელს თავის გზავნილს. რასაკვირველია, კინოს ნამდვილად აქვს გარკვეული ხარვეზები – კომედიიდან დრამაში ოდნავ მკვეთრი გადასვლები; რამდენიმე პრობლემატური ან საკამათო ხუმრობა და შესაძლოა ცოტათი სუსტი დასასრულიც. თუმცა, ამ ყველაფრისდა მიუხედავად, American Fiction უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას ტოვებს, ვიდრე ნეგატიურს. ყოველ შემთხვევაში, თუ მაინცდამაინც სოციალური ნაწილით დიდად არ ინტერესდებით, კომედიით მაინც ისიამოვნებთ და გაერთობით. ფილმი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე პოპულარულ სტრიმინგ სერვისებზეც.

ამერიკული ფიქცია (American Fiction)
რეჟისორი
: კორდ ჯეფერსონი (Cord Jefferson)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 57 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Brittany Howard – What Now

Brittany Howard – What Now

| Album: What Now

შემდეგი
Ronin – Car Chase

Ronin – Car Chase

| ნაწყვეტი ჯონ ფრანკენჰეიმერის ფილმიდან - 'Ronin'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share