ზედმეტი ტრაგიზმისგან თავისუფალი, ცოტა ბანალური და ამისგან უფრო მეტად საყვარელი ფილმი ცხოვრებაზე და სიყვარულზე.
ფილმის მთავარ გმირს ვინსენტს მისი მეგობრების აზრით უბრალოდ გაუმართლა, რომ ესეთი ცოლი ჰყავს: ჭკვიანი, ლამაზი, არასდროს უწყობს მუღლეს ისტერიკებს და ამის გამო მათი ცხოვრება თითქმის იდეალურია. თუმცა ეს მაინც არ უშლის ხელს ვინსენტს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდეს ,,მარცხნივ” და საყვარელი ჰყავდეს. მის მეგობარ ჟორჟს ნაკლებად ,,უმართლებს” ამ ამბავში: მისი ცოლი ისტერიული ეგოისტი და ფემინისტია, თუმცა იგი თვლის რომ მან არჩევანი უკვე გააკეთა ამ ქალის სასარგებლოდ და ღალატი გამორიცხულია. ამიტომ იგი მის ახალგაზრდობის წლებს მისტირის, როცა მარტოხელა იყო. ვინსენტის კიდევ ერთი მეგობარი ფრედი საქორწინო უღლისგან თავისუფალი ადამიანია და ყოველ საღამოს სხვადასხვა ქალებთან ურთიერთობაში ატარებს, რითიც იგი კეთილ შურს აღძრავს მის ოჯახური ცხოვრებით გადაღლილ მეგობრებში. თუმცა იგი თვითონ თვლის, რომ რაღაც აკლია სრული ბედნიერებისთვის, რაღაც მყარი და მუდმივი… იქნებ ოჯახი?
კაცობრიობას ყველგან ერთი პრობლემები აქვს, არა აქვს მნიშვნელობა სად, საფრანგეთში თუ სხვაგან. ივან ატალის ფილმის გმირები ნამდვილები არიან. ისინი ბედნიერებას ეძებენ, მათ უყვართ, ერთმანეთს ღალატობენ, კარგავენ გრძნობებს და შემდეგ ისევ ეძებენ, ისევ ცდილობენ აღადგინონ ურთიერთობა, ისევ იპოვონ სიყვარული. ისინი ოცნებობენ. მათ უყვართ. პირველ რიგში ცხოვრება უყვართ…