ლუკა გუადანინოს სისხლით, კანიბალიზმით, და რომანტიზმით გაჯერებული მეტაფორული ,,როუდ-მუვ-ჰორორი”.
აშშ. 1980-იანი წლების დასასრული. თვრამეტი წლის მარენი(ტეილორ რასელი) მამასთან ერთად პატარა პროვინციულ ქალაქში (არც ისე დიდი ხანია) ცხოვრობს. კლასელების ღამის შეკრებაზე მამას ეპარება სახლიდან და თითქოს თავისდაუნებურად რაღაც საშინელის მოწმე და შემოქმედი ხდება, რის შემდეგ მამასთან ერთად იძულებული ხდება ქალაქი სწრაფად დატოვოს. იწყება გრძელი მოგზაურობა ამერიკის სხვადასხვა შტატში, რომლის დროსაც მარენი თავის ახლადაღმოჩენილ ,,მეს” კიდევ უფრო ახლო გაიცნობს…
თინეიჯერების ვნებების და მისწრაფებების ზედმიწევნით კარგად მცოდნე ლუკა გუადანინოს აღნიშნულმა ფილმმა ვენეციის ფესტივალზე ვერცხლის ლომი მოუტანა. მისი გმირების ადამიანური ხორცით კვების წყურვილი ათასნაირად შეიძლება მაყურებელმა მოთარგმნოს, თუმცა მათი კანიბალიზმის სინამდვილე ეკრანზე ეჭვს ნამდვილად არ იწვევს. და მაინც ამ უცნაურად რომანტიულ საშინელებათა ფილმს თან დასდევს ნოსტალგია წინა საუკუნის 80-იანებისა, ნოსტალგია ნამდვილი შეგრძნებების, გრძნობებისა, იმ თავგანწირვისა, რომელიც მხოლოდ ერთეული ადამიანების გულში თუ შეიძლება დღეს პოვნა. კანიბალიზმიც თითქოს პანორამაა და მის ფონზე რეჟისორი კიდევ ერთხელ გვახსენებს თანამედროვე სოციალური წყობის თავისებურებებს, კონფლიქტს თაობებს შორის, ძალადობის და სექსუალური შევიწროვების პრობლემებს საზოგადოებაში.
მთავარი როლის შემსრულებელი ტეილორ რასელი კარგად გამოიყურება გამოცდილი მარკ რაილენსის და თინეიჯერების ახალი კერპის – ტიმოთი შალამეს გვერდით, რომლის პარტნიორობა, არც ისე ადვილი იქნებოდა მისი მზარდი პოპულარობის გამო.