ნეონებით შეპყრობილი დანიელი რეჟისორის- ნიკოლას ვინდინგ რეფნას ბანდიტურ-ლეოპარდისეული გმირი სურეალისტური კოპენჰაგენის ქუჩებში.
წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალზე მხოლოდ ორი ტელეპროექტი იყო მიწვეული: ერთი ლარს ფონ ტრიერის ,,სამეფო”, მეორე კი ნიკოლას ვინდინგ რეფნას ,,კოპენჰაგენის კოვბოი”.
ამ ორ განსხვავებულ პროექტს აერთიანებს ერთი რამ, აერთიანებს რწმენა იმის, რომ მაინცადამაინც დანიის დედაქალაქში გაირღვევა რეალობის გარსი და გაიხსნება ზებუნებრივი ძალებისათვის კარიბჭე.
მიუხედავად ამისა, ,,კოპენჰაგენის კოვბოის” მოქმედება ულტრასტილიზირებულ, ზღაპრულ სივრცეში ხორციელდება, რომელსაც ფაქტიურად გეოგრაფიული მიჯაჭვულობა არ გააჩნია.
სერიალის მთავარი გმირი მიუ- შავგვრემანი კოხტა გოგოა მოკლედშეჭრილი თმებით, ერთგვარი ცოცხალი თილისმა, რომლის არსებობის, ყოფნის ფაქტს უკვე იღბალი მოაქვს. იგი ზუსტად ამ მისიით აღმოჩნდება სერბულ-ალბანურ ბორდელში.
დაწესებულების მმართველის და, საშუალო ხნის ქალბატონი გამოისყიდის მიუს პირადი სარგებლის მიზნით. ეს მიუსთვის ასე ვთქვათ პირველი ეტაპი იქნება იმ დიდი არაორდინალური გზისა, რაც მას წინ მოელის სიმართლის ძიებაში. ამას მოჰყვება ქალაქგარე ჩინური რესტორანი, რომელსაც მაფია მფარველობს, ასევე ადგილობრივ ნარკომოვაჭრეებთან ექსკურსიები.
სექს-ტრეფიკინგის ნუარი ნელ-ნელა იცვლება სურეალისტური, ვულგარული კომიქსით სუპერგმირზე, სადაც ყველაფერი მოსალოდნელი თუ მოულოდნელი აუცილებლად იქნება: ჰონგკონგური კუნგფუდან დაწყებული ეროტიკით დამთავრებული, ოღონდ რა თქმა უნდა ნეონების ფონზე..