ამერიკაში გადახვეწილი ქართველების ბედი ლევან კოღუაშვილის ფილმში.
70 წლის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში კახი შვილის მოსანახულებლად ნიუ-იორკში მიფრინავს, რადგან მეუღლეს დაპირდა, რომ დიდი ხნის უნახავ ვაჟს სახლში დააბრუნებს. ამერიკაში ჩასული მოხუცი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების გარემოცვაში ხვდება, რომლებსაც თავი ოცნების ქვეყნისთვის შეუფარებიათ და თავს როგორც შეუძლიათ, იმით ირჩენენ. აღმოჩნდება, რომ კახის შვილს აზარტული თამაშების სიყვარულის გამო აქაური რუსი კრიმინალების 14 000$ ვალი დაუგროვდა და ეს ვალი აუცილებლად უნდა გაასწოროს. მამა ყველაფერზე მიდის, რათა შვილი განსაცდელისგან დაიხსნას და მუღლესთვის მიცემული პირობა შეასრულოს…
ამერიკა და ზოგადად ემიგრაცია უცხოეთში ჩვენი ქვეყნის განუყოფელ და მტკივნეულ ნაწილად იქცა. ადამიანების ტოვებენ ოჯახებს და უკეთესი მომავლის იმედით სრულიად უცხო ქვეყანაში იხვეწებიან, სადაც ხშირად მათთვის სრულიად გაუგებარ მენტალობასთან, წეს-ჩვეულებებთან უწევთ შეხვედრა, შეგუება ან პირიქით ვერშეგუება და სრული გაუცხოება.
ამ და სხვა ამგვარ პრობლემებს ასახავს ლევან კოღუაშვილის რიგით მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის პრემიერა ნიუ-იორკში, ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართა. ფილმისათვის სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა, რომელმაც პოსტსაბჭოური სივრციდან გამოსული ადამიანების ბედს შტატებში ტრაგიკომიკური ელფერი მისცა. ფილმის ოპერატორია ოსკაროსანი ფიდონ პაპამაიქლი, ცნობილი ფილმების – The Million Dollar Hotel, Ford vs Ferrari, Nebraska –ს დამდგმელი ოპერატორი. მთავარ როლზე რეჟისორმა არაპროფესიონალი, თუმცა ხალხში ძალიან პოპულარული მსახიობი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაამტკიცა. თედიაშვილს, თავისი კინოგმირის მსგავსად რეალურ ცხოვრებაშიც მძიმე პერიოდის გადატანა მოუხდა, ამიტომ მისი თამაში განსაკუთრებით საინტერესო და ორგანულია. ფილმი ეძღვნება უნიჭიერესი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ხსოვნას, რომელმაც ,,მე-4 ბრაიტონში” თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი როლი შეასრულა.