დარჩენილები (The Holdovers) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დარჩენილები (The Holdovers)

ოჯახის პოვნა ყველაზე უჩვეულო ადგილებში

ალექსანდერ პეინმა თავის წინა ფილმში “Downsizing” მოსინჯა ძალები სამეცნიერო ფანტასტიკაში და შემდეგ დაუბრუნდა იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – მელანქოლიური დრამედის შექმნა ადამიანებზე ცხოვრების მიღმა (“About Schmidt”, “Nebraska”, და რაღათქმაუნდა”The Sideways”). 6 წლიანი პაუზის შემდეგ, პეინი გვთავაზობს ახალ, თბილ და ადამიანურ ფილმს – “The Holdovers”, რომელმაც დაიმსახურა საერთო აღიარება და სულ ახლახანს პოლ ჯიამატიმ (ერთ-ერთი მთავარი გმირი) ოქროს გლობუსიც კი აიღო ნომინაციაში – “საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში”, სავსებით დამსახურებულად.

Paul Giamatti, Dominic Sessa, and Da’Vine Joy Randolph ფილმში ‘The Holdovers’

“The Holdovers” მარტივი, უბრალო სიუჟეტით გამოირჩევა: ახალი ინგლისის კერძო, მოსამზადებელ სკოლაში მობინადრე თავმოყვარე მასწავლებელი პოლი (პოლ ჯიამატის პერსონაჟი), რომლის ხშირად არ ესმით, ბევრს არ მოსწონს, ან სულაც გამაღიზიანებელია, რჩება კამპუსში რათა ჩაიბაროს რამდენიმე სტუდენტი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, დროებით, სანამ საახალწლო არდადეგები მორჩება. ამასობში კი, ბუზღუნა პოლი ნელნელა უმეგობრდება ერთ-ერთ სტუდენტს – ანგუსს (ნათამაშები დომინიკ სესას მიერ), ჭკვიანი მაგრამ, ცოტა დეპრესიული და ამავდროს პრობლემური და სკოლის მთავარ მზარეულ ქალს – მერის (დევაინ რენდოლფი), რომელმაც ახლახან დაკარგა ვაჟი ვიეტნამის ომში.

Dominic Sessa და Paul Giamatti ფილმში ‘The Holdovers’

სასიამოვნოა ის ფაქტი რომ, ფილმი აფრქვევს ე.წ ნოსტალგიურ ხიბლს, ოსტატურად ასახავს 70-იანი წლების კინემატოგრაფიულ ატმოსფეროს, თითქოს ეხმიანება იმდროინდელი “ახალი ჰოლივუდის” გამოძახილს. “The Breakfast Club”-ის მსგავსად, “The Holdovers”-ის ნარატივი მოხდენილად ირგებს სხვადასხვა თემებს, განიცდის “მუტაციას” და მოაქვს კვინტესენციური ამერიკული ინდი ფილმების ვაიბები. პეინის რეჟისურა/მიმართულება თანმიმდევრულია, მშვენივრად ერთიანდება ამბები ისეთ თემებზე, როგორიცაა: დაკარგვა, კავშირები და ხელახალი აღმოჩენები. აღსანიშნავია ბრწყინვალე ჯიამატის, დევაინ რენდოლფისა და ახალბედა სესას ქიმია ერთმანეთს შორის, რომლის პროცესშიც დაცულია სევდიანი დრამის ან მსუბუქი მომენტების ბალანსი. ამ სამეულის თამაში, პეინის დახვეწილ თხრობასთან ერთად უზრუნველყოფს იმასაც რომ, უადგილო არ იყოს არც მსუბუქი სცენები და არც ინტენსიური მომენტები.

ფილმის მიმზიდველობას, კომფორტულობას აძლიერებს ისიც რომ, 70-იანების ე.წ. ომაჟი ანუ პატავის მიგება, ესთეტიკა კარგად არის გადმოტანილი ეკრანზე: ამაში წვლილი მიუძღვის digital grain-ს, გახსნითი სათაურების ხატოვან ფონტ/შრიფტებს და”The Alman Brothers Band”-ის ცოცხალ, სულიერ ხმებს. (ერთ მომენტში “Shocking Blue”-ს ცნობილი ჰიტი – “Venus”-იც საკმაოდ სასიამოვნო ბონუსი იყო) შესაბამისად, ჰოლივუდის ოქროს ეპოქა ჩინებულადაა წარმოჩენილი. პეინი აგრეთვე დახვეწილად ეხება ვიეტნამის სირთულეებს (მაგ. კინოთეატრის სცენა, რომელშიც ჩვენი მთავარი გმირები დასტინ ჰოფმანის ცნობილ სურათს – “Little Big Man”-ს უყურებენ, გაჟღენთილი მცირეოდენი კრიტიკით აღნიშნულ ვიეტნამის კონფლიქტზე) და რასობრივ მიკერძოებებსაც, რბილად აერთიანებს ნარატივში და ცდილობს ძალიან არ გადაამლაშოს. ფილმის მოცემულობას რომ ჩავუღრმავდეთ, დავინახავთ რომ კინოსურათი ცდილობს ღრმად ჩავიდეს იმედგაცრუებული, უჟმური პროფესორისა და თავხედი სტუდენტის ფსიქიკაში, რომლებიც ეძებენ კავშირს იზოლაციაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია ფილმის უმეტესი ნაწილის ერთ სივრცეში გადაღება, ვინაიდან როგორც პეინის ფილმებს სჩვევია, ხშირად ასახავს ხოლმე მთავარი გმირების მუდმივ მოძრაობასა და მოგზაურობას. მაგრამ არა “The Holdovers”-ში, აქ ნარატივი უმეტესწილად შემოიფარგლება თითქმის ცარიელი სკოლის დერეფნებითა და კლასებით, რაც იწვევს როგორც ფამილიარულობას, ასევე მხიარულებას.

Paul Giamatti ფილმში ‘The Holdovers’

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუნდაც მცირე, მაგრამ ოდნავ პროგნოზირებადი ფინალი, რომელიც სენტიმენტალურების ზღვარზე მერყეობს, პეინის კომპეტენტური რეჟისურა უზრუნველყოფს იმას, რომ ის არასოდეს გადავა კლიშეების ტერიტორიაზე. საბოლოო ჯამში, “The Holdovers” 2023 წლის სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. ადამიანური, უბრალო, სასიამოვნო, კომფორტული ატმოსფეროთი გამსჭვალული სურათი ურთიერთობებზე, რომელიც ერთ ამოსუნთქვაში გადის. ხოლო საშობაო თემატიკა კი ამ ლამაზ სანახაობას უფრო აძლიერებს, აღვივებს მყუდროების ნაპერწკალს და თბილად ეგებება მაყურებელს იანვრის სუსხიან დღეებში.

Paul Giamatti და Dominic Sessa ფილმში ‘The Holdovers’

დარჩენილები (The Holdovers)
რეჟისორი: ალექსანდერ პეინი

ხანგრძლივობა: 2 საათი და 13 წუთი

85/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Beverly Hills Cop – Axel Foley Visits Beverly Hills and Intro

Beverly Hills Cop – Axel Foley Visits Beverly Hills and Intro

| ნაწყვეტი მარტინ ბრესტის ფილმიდან - 'Beverly Hills Cop'

შემდეგი
The Vaccines – Lunar Eclipse

The Vaccines – Lunar Eclipse

| Album: Pick-Up Full of Pink Carnations

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share