გრანტ სინგერის სადებიუტო ატმოსფერული თრილერი ჩახლართული სიუჟეტით.
ახალგაზრდა უძრავი ქონებით მოვაჭრე აგენტ ქალს, სამერ ელსვიკს, გასაყიდად გამოტანილ სახლში მისი მეგობარი უილ გრეიდი (ჯასთინ თიმბერლეიქი) დანით დაჩეხილს პოულობს. გამოძიებაში გამოცდილი დეტექტივი ტომ ნიკოლსი (ბენისიო დელ ტორო) და მისი მეწყვილე ერთვება. პოლიციას რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავს, რომელთა გადამოწმება და მათზე ბრალის წაყენება არც ისე იოლი საქმე უნდა იყოს, თუმცა ტომ ნიკოლსის მეძებრის ალღო გამოძიებას სწორ გზაზე აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საერთოდ გაუგებარია…
,,რეპტილიები” კლიპმეიკერ გრანტ სინგერის ფაქტიურად დებიუტია კინოში და საკმაოდ წარმატებულიც. მის ფილმს არც ინტრიგა, არც ატმოსფერო აკლია და პირველივე წუთებიდან გვითრევს მღვრიე დეტექტიურ მორევში, რომლიდანაც გამოძრომა ფინალამდე არ მოხერხდება. როგორც არ მოხერხდება ბენისიო დელ ტოროს მიერ შექმნილი ეკრანული სახისა და მის მიმართ გაჩენილი სიმპათიიდან თავის დაღწევა. მის მეუღლეს არანაკლები ოსტატობით ალისია სილვერსტოუნი თამაშობს, რომლის პერსონაჟსაც გამოძიებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. მთლიანობაში სინგერის ფილმი ატმოსფერული, ჰარმონიული და სანახაობრივია, რაც აშკარად გამოარჩევს მას ბოლო დროს გადაღებულ დეტექტივებში.