ნაპოლეონი (Napoleon) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ნაპოლეონი (Napoleon)

ძალა, ვნება და ამბიციის ფასი: ნაპოლეონის იმპერატორობისა და რომანტიკის გამოვლენა

ლეგენდარული რიდლი სკოტი უბრალოდ არ ჩერდება და კვლავ განაგრძობს ფილმების გადაღებას. ამჯერად მისი ახალი ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, გამორჩეულ და კონტროვერსიულ, ისტორიულ პერსონას – ნაპოლეონს ეხება. ფრანგი იმპერატორის ცხოვრება და მიღწევები ნაცრისფერ ეკრანზე ბევრჯერ ასახეს სხვადასხვა რეჟისორებმა. აღსანიშნავია 1927 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების შავ/თეთრი, მუნჯური კინო “Napoleon” (რეჟისორი – აბენ განსი). “Napoleon”-თან ერთად არ შეიძლება არ გავიხსენოთ აგრეთვე 1970 წელს გადაღებული “Waterloo” (რეჟისორი სერგეი ბონდარჩუკი), რომელიც უშუალოდ ამ ბრწყინავალე ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ნაპოლეონის შესახებ ფილმებზე ლაპარაკით შორს წავალთ, ამიტომ მხოლოდ ამ ორზე გავამახვილე ყურადღება. 2023 წლის ვერსია კი ცდილობს დეტალურად აღწეროს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ამაღლება/ დაცემა და მისი დაუნდობელ მოგზაურობა ძალაუფლებამდე. ამასთანავე ვიგებთ ნაპოლეონის არასტაბილური, ადიქციური ურთიერთობის შესახებ მის მეუღლესთან, ჟოზეფინასთან.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ავტორიტეტი და რეპუტაცია აქვს რიდლი სკოტს კინოსამყაროში (მისი წინა ნამუშევრების გათვალისწინებით), ის მაინც ხელმძღვანელობს ბატალურ სცენებს ისევე ოსტატურად და კარგად, როგორც თავის წინა ისტორიული ჟანრის ფილმებში. დიდებული ბრძოლების გრაფიკულად ასახვა, სავსე სისხლებით, ნაწლავებით, რაც ცხადია – სძენს ავთენტურობას. გამოვარჩევდი ორ ბრუტალურ, სასტიკ მომენტს, მათ შორის – ნაპოლეონის ცხენის ორად გადახსნას, ზარბაზნის ჭურვის მოხვედრის შემდეგ და ერთ-ერთი აჯანყებისას საფრანგეთში, ხალხის დარბევას ქვემეხის ცეცხლით, შთამბეჭდავი და ამავდროს გროტესკული სანახაობაა.

ნარატივი, თავის საქმეს ასე თუ ისე კარგად ასრულებს, გაგვაცნოს ჩვენ, აუდიტორიას – ნაპოლეონის ცხოვრების ამბავი, თუმცა გვრჩება ისეთი შეგრძნება რომ ამ ამბავს არ აქვს სიღრმე, გვიქმნის დაბრკოლებას და ჭეშმარიტად ვერ ვიგებთ მას, როგორც პიროვნებას. ფილმი უშუალოდ ფოკუსირებულია იმპერატორის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რის გამოც იგრძნობა ე.წ. “ცარიელი სივრცე”, შესაბამისად ვინც ნაპოლეონს მხოლოდ ზედაპირულად იცნობს, გაუჭირდება მისი იდეოლოგიის ან აღზრდა/განვითარების გაგება. (საინტერესო იქნებოდა გვენახა მოკლე სცენები მისი ბავშვობიდან). ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა, ქმნის შეუსაბამობას მის პერსონაჟში. ხოაკინის სამსახიობო თამაში ნორმალურია, თუმცა მის წინა როლებთან შედარებით, უკეთესიც გვინახავს.

მშვენიერი ვანესა კირბი უბრალოდ ბრწყინავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ჟოზეფინას როლში და ფაქტობრივად ყველა სცენას “იპარავს” თავისი ჩინებული შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონისა და ჟოზეფინას არასტაბილური ურთიერთობის ყურება მიმზიდველია, მთელი ფილმი ზედმეტად მძიმედ იხრება იმპერატორის მეუღლისკენ. თუმცაღა, მათი კომუნიკაცია წერილების მეშვეობით კარგი მიგნება იყო.

დადებით მხარეებში ავღნიშნავდი – ეპიკურ , ატმოსფერული საუნდტრეკებს, მუსიკას, განსაკუთრებით – ვატერლოოსა და ბოროდინოს (სამწუხაროდ ამ ბრძოლას ცოტა დრო დაეთმო) ცნობილი ბრძოლების დროს ან თუნდაც მოსკოვის ხანძრის დროს. (რაც ცალსახად აკომპენსირებს ოდნავ დაუდევარ CGI-ს). აგრეთვე, ფილმის დეკორაციები, კოსტიუმები უნაკლოა, ქმნის ავთენტურ ატმოსფეროს და კარგად ასახავს საფრანგეთის იმდროინდელ მდგომარეობას. ეფექტური იყო გახსნითი სცენაც, სიკვდილმისჯილთა გილიოტონის თავმოკვეთით.

საბოლოო ჯამში, გასართობი ფაქტორის, პერსონაჟთა/სიუჟეტის სიღრმის ნაკლებობის იქით, “Napoleon” ვფიქრობ უფრო მინი სერიალის ფორმატში იმუშავებდა, ვიდრე თეატრალური ფილმისა. (თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ, ფილმი Apple+ – ის სტრიმინგ სერვისზე და კინოთეატრებში ერთდროულად გამოვიდა) ხოლო ნაჩქარევი სცენარი ხელს უშლის ამ ისტორიულ ეპოსს სრული პოტენციალის მიღწევაში. სამწუხაროდ კინოსურათს უჭირს ბოლომდე წარმოაჩინოს ნაპოლეონის საინტერესო და რთული ცხოვრება.

ნაპოლეონი (Napoleon)
რეჟისორი: რიდლი სკოტი

ხანგრძლივობა: 2 საათი და 38 წუთი

63/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
როცა ბოროტება იმალება (When Evil Lurks)

როცა ბოროტება იმალება (When Evil Lurks)

| სიბნელე ჩამოდგა პატარა ქალაქში

შემდეგი
Marika Hackman – No Caffeine

Marika Hackman – No Caffeine

| Album: Big Sigh

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share