რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ქილერმენი (Killerman)

ამნეზია, ბევრი ფული და სახიფათო სიტუაციები ნიუ-იორკის შემოგარენში

Killerman მძიმე, კრიმინალური თრილერია, რომელიც მაყურებელს ველურ მოგზაურობას ჰპირდება ნიუ-იორკის სახიფათო შემოგარენსა და ქვედა ნაწილში. მალიკ ბადერის ეს ფილმი ამჟამად მეოთხეა მის მცირე კატალოგში, რომელიც სულ რაღაც 3 ნამუშევრისგან შედგება. მთავარ როლებში ვხვდებით – ლიამ ჰემსვორთს (ის ჰემსვორთი, მაილიმ რომ Flowers მიუძღვნა), ემორი კოენს, დაინა გუერეროს (Orange Is the New Black) და Pusher-ის ტრილოგიით (ნიკოლას რეფნის გადაღებული) ცნობილ ზლატკო ბურიჩს თავის ტიპურ, კრიმინალური ბოსის როლში.

სიუჟეტის ცენტრალური პერსონაჟი მოა, უფრო ცნობილი ზედმეტსახელით “Diamond” (ლიამ ჰემსვორთი), რომელიც არალეგალურ საქმიანობას ეწევა, კერძოდ კი – ათეთრებს ფულს მისი მეგობრის სკანკის ბიძისთვის. ბიძა, პერიკო (ზლატკო ბურიჩი) მთავარი მაფიოზია ნიუ-იორკში და ყოველთვის სერიოზულ გარიგებებს გეგმავს. ერთ მომენტში მო და სკანკი გადაწყვეტენ უფრო დიდი გარიგების დაგეგმვას ბიძის ფულის გამოყენებით, მის ზურგს უკან. სამწუხაროდ, როგორც მსგავს კრიმინალურ ფილმებშია ხოლმე, გარიგება ჩაიშლება: ბიჭები აწყდებიან კორუმპირებულ პოლიციელებს და ძლივს გაექცევიან. ხოლო ყველაფერს კი ართულებს ის ფაქტი, რომ მანქანით გაქცევისას მთავარი გმირები ავარიაში მოჰყვებიან და მო მეხსიერებას კარგავს. ავარიის ეს სცენა Killerman-ში, მშვენივრად და ავთენტურად არის გადაღებული, ვინაიდან, მაყურებელი ნამდვილად გრძნობს შეჯახების ეფექტს. ასე და ამგვარად, ამნეზიით დაავადებულ მოს კორუმპირებულ პოლიციელებთან უწევს საქმე და მაფიასთან საკითხების მოგვარება.

რათქმაუნდა, უამრავი ფილმი გადაღებულა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები არალეგალური ნარკოტიკებით ფულის გამომუშავებას და როგორ იგდებენ თავს სახიფათო სიტუაციაში ამის გამო. მაგრამ როგორც ჩანს, კრიმინალური დაპირისპირებები ყოველთვის ამოუწურავი და მდიდარი თემაა კინოსთვის. მართლაც, არის მთავარი გმირი (მო), რომელიც აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში, საიდანაც გამოსავალი არ არის. და არის სხვა დანარჩენი, რომლიდანაც უმეტესობას მისი სიკვდილი სურს. ეს ყველაფერი კი ხდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ კრიმინალურ ქალაქში, ნიუ-იორკში. ფილმი არ ცდილობს აუდიტორიას თავი მოაწონოს, შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ Killerman უფრო ჰგავს რომელიმე კრიმინალური სატელევიზიო სერიალის ერთ-ერთ სერიას. ხოლო იმის გარკვევა თუ ვინ არის ცუდი და ვინ კარგი, აქ აბსოლუტურად შეუძლებელია. ყველა, მინიმუმ თავისებურად ცუდი ადამიანია. მთავარი გმირიც კი, არც ისეთი სასიამოვნო ტიპაჟია, ხოლო თუ როგორი ტიპია მო, ამას ბოლომდე ვერ ვიგებთ, ვინაიდან მაყურებელს ცოტა დეტალი ეძლევა ამისთვის. და ამნეზიის ეპიზოდის შემდეგ კი, ეს მისთვისაც ამოუხსენელ გამოცანად ხდება.

შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს Killerman-ის თხრობის ბუნდოვანი ან ქაოტური სტილი, რომლის დროსაც სცენარისტები დროს არ კარგავენ ზედმეტ დეტალებზე. მაგალითად ერთ სცენაში, მოს მოაქვს ორი ტომარა ფული საიუველირო მაღაზიაში და სანაცვლოდ იღებს ოქროს დიდ ზოდს. რასაკვირველია, ასეთი ზოდის ყიდვა მხოლოდ ორი ჩანთით შეუძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანია, რაც რეჟისორს არ აინტერესებს. ძალადობის და სისასტიკის თვალსაზრისით ფილმი თავს არ ზოგავს – სროლები ბანდებს და კრიმინალებს შორის პირდაპირ არის მოწოდებული ყოველგვარი შელამაზების გარეშე, სისხლის გუბეებიც დგება და ყოველი ასეთი შეტაკება დაძაბულობითაა აღსავსე. არის ერთი სცენაც, სადაც ერთ-ერთი კორუმპირებული პოლიციელი, რომელიც მოს მეგობარს – სკანკს აწამებს და ცოფიანი ძაღლით ცდილობს დააშინოს. დადებითი მხარეებიდან ავღნიშნავდი ფერთა კორექციას, რომელმაც შესაძლოა მოგვაგონოს ძმები საფდიების ფილმი Good Time, ვინაიდან გადაღებულია Killerman კოდაკის 16 მმ ფირზე. ფერებთან ერთად, მძაფრ ატმოსფეროს უხდება Julian Demarre-ს მიერ დაწერილი მუსიკა, შესრულებული ინტენსიურ ელექტრონულ ჟანრში, რაც აძლიერებს ფილმის მკვეთრ და დაძაბულ ტონს. ხოლო პულსირებული რიტმები და სინთეზატორის ხმები, კარგად ქმნიან დაძაბულობისა და გადაუდებლობის გრძნობას.

ცხადია, Killerman ციდან არ წყვეტს ვარსკვლავებს, როგორც იტყვიან, ბანდიტებისა და მაფიის შესახებ ფილმების ჟანრში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეკომენდაცია არ შეიძლება. თუ მკაცრად არ მიუდგებით და რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდებით, ისედაც უკვე ბევრჯერ ნათქვამ კატეგორიაში, მაშინ ფილმი საკმაოდ გასართობი, ინტენსიური თრილერია. ხოლო კრიმინალური “ბოევიკების” მაყურებლებისთვის Killerman ერთ-ერთ საინტერესო აღმოჩენა იქნება. დაამატებენ თუ არა კოლექციაში, ეს უკვე მათ გემოვნებაზე და განაჩენზეა დამოკიდებული.

ქილერმენი (Killerman)
რეჟისორი
: მალიკ ბადერი (Malik Bader)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 41 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
გამოჩენა (Showing up)

გამოჩენა (Showing up)

| მიშელ უილიამსი კელი რეიხარდტის კომედიაში პორტლენდსა და ორეგონის კოლეჯის

შემდეგი
დამლაგებელი (Maid)

დამლაგებელი (Maid)

| მარგარეტ ქუელი ნეტფლიქსის დრამაში ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედაზე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share