საკულტო ფილმი-შავი პაროდია იმაზე, თუ რა რაოდენობის აგრესია და ძალადობა ტრანსლირება ჩვენს ტვინში კინოსა და ტელევიზიის საშუალებით.
გადამღები ჯგუფი დაყვება და იღებს სიუჟეტს ერთი ადამიანის შესახებ. ფილმის მთავარი გმირი ბენი პირველი წუთებიდან წარმოგვიდგება, როგორც საინტერესო და ინტელექტუალური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ერკვევა მუსიკალურ ინსტრუმენტებში, აქვს თავისი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე, არის კარგი მოსაუბრე და მისი ხუმრობებიც აქტუალურია. ზოგჯერ ალკოჰოლი მეტი მოსდის, მისი თეთრი ლექსები და მსჯელობა აბსურდამდეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ ვის არ მოსვლია..? თუმცა საქმე სხვა რამეშია…ბენი- სერიული მკვლელი და სასტიკი მოძალადეა, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიკეთესთან ერთად ადამიანებს კლავს და ამას საკმაოდ ვირტუოზულად აკეთებს. და ეს ფილმში იმდენჯერ ხდება, ამას გადამღები ჯგუფიც და ჩვენც, მაყურებელიც ვიღებთ და ვეჩვევით.
,,თუ ძაღლი კბენს ადამიანს ეს სიახლე არ არის, რადგან ეს ხშირად ხდება. სიახლეა, როცა ადამიანი კბენს ძაღლს”- ჩარლზ ანდერსონ დანას (გაზეთ ,,ნიუ იორკ სანის” გამომცემელი) ეს სიტყვები ამ ფილმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ფილმში კულტურული თუ მრავალსაუკუნოვანი ევოლუცია განვლილი პერსონაჟის უკან იმალება სამყაროს ყველაზე სასტიკი და სისხლიანი არსება – ადამიანი. ფილმის ფსევდო დოკუმენტური სტილი გვიქმნის ასპროცენტიანი რეალობის შეგრძნებას და გვაჯერებს რაც ხდება ეკრანზე, რაც თავისთავად ფილმის შემქმნელების და შესანიშნავი მსახიობის- ბენუა პულვორდის დამსახურებაა.