სკანდინავიური მითოლოგიის ახლებური, საინტერესო და მეტად სკანდინავიური ვარიანტი.
გუშინდელი ღმერთები დღეს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სრულიად მოწყვეტილები მითოლოგიურ პათოსს და მასშტაბებს, თუმცა არაბუნებრივი ძალა და უნარები ისევ იმ ძლიერებით არის მათში. უბრალოდ მათი მართვა უნდა შეძლონ.
ფილმი იხსნება საოცარი სილამაზის ნორვეგიული ,,ფიორდების” და სკანდინავიური იდუმალი ტყეების კადრებით. მარტოხელა ადამიანი თავს ტყეს აფარებს. იგი შეშინებულია. მისი შიშის მიზეზი ნელა ნელა, აუჩქარებლად გაიხსნება სიუჟეტში, რომელიც გაადამიანურებული სკანდინავიური ღმერთის საკუთარი თავის ძიებაზე მოგვითხრობს.
ელვის და ქუხილის ღმერთის – თორის შესახებ ალბათ ბევრს სმენია და ბევრი მსხვილბიუჯეტიანი ფილმიც გადაღებულა, მაგრმ ანდრე ოვერდალის(,,ჯეინ დოუს გაკვეთა”; ,,ტროლებზე მონადირე”) თორი განსხვავებული და ბევრად მიწიერია მათთან შედარებით, რაც რა თქმა უნდა საინტერესოს ხდის მითოლოგიის ამ ვერსიას.