საბრძოლო ხელოვნების დემონსტრაცია და სპეცეფექტების მთელი კასკადი სტივენ ჩოუს კომედიაში.
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შანჰაი. ქუჩაში სისასტიკე და დანაშაულია გამეფებული. ქუჩის ბანდებს ქალაქი მათი გავლენის ქვეშ მოუქცევიათ. ყველაზე გავლენიანი და სასტიკი- ,,ნაჯახების” დაჯგუფებაა, რომელიც შიშის ზარს სცემს მოსახლეობას. მას თავის ახალბედა მიმდევრებიც კი ჰყავს, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ ბანდის სახელით. ერთხელ ესეთი ახალგაზრდა მიმბაძველები გარჩევებს მოაწყობენ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, რაც მიზეზი ხდება ნამდვილ ბანდასა და ადგილობრივ საბრძოლო ხელოვნების ოსტატებს შორის დაპირისპირებისა.
კუნგ-ფუს და სპეცეფექტების მოყვარულებისთვის სტივენ ჩოუს ეს ფილმი ნამდვილი სამოთხეა. თუმცა არც კომედიის მოყვარულებს დატოვებს განაწყენებულს. როცა ფილმი გამოვიდა, მას სპეცეფექტებით ,,მატრიცას” ადარებდნენ, თუმცა არც პერსონაჟების სიუხვით და კოლორიტულობით ჩამოუვარდება აღნიშნულ ფილმს. ბრძოლების დადგმა ორივე ფილმში ერთი და იგივე ადამიანს – იუენ ვუ პინს ეკუთვნის.