ბრიტანელი ნიკ როულენდის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი- პირქუში კრიმინალური დრამა ირლანდიური კოლორიტით.
დუგლას არმსტრონგი, მეტსახელად არმი- ძველი მოკრივეა, რომელიც თავს იმით ირჩენს, რომ მსხვილ ნარკოდილერთა ოჯახის სხვადასხვა შავ სამუშაოს ასრულებს.
იგი დამაშინებლის როლშია, როდესაც ვინმეს ,,ოჯახის” მიმართ დავალიანება წარმოექმნება. თითქოს ყველაფერი ისე მიდის როგორც არმის აწყობს, სანამ ოჯახის უფროსი არ გადაწყვეტს მისი ერთგულების შემოწმებას. მას ადამიანის მოშორებას ავალებენ…
ფილმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტილისტიკას, ატმოსფეროს, ხასიათს.
მასში მთავარი აქცენტი მთავარი გმირის განწყობაზე და განცდებზეა გაკეთებული, რაზეც ფილმის ფერები, სტილისტიკური მიგნებები, ოპერატორული ნამუშევარი მეტყველებს. კლაუსტროფობიულ შენობებს უკიდეგანო სივრცეები ენაცვლება, სასოწარკვეთას და ყოყმანს გარკვეულ მომენტებში კი სისასტიკე ანაცვლებს. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი მთავარი გმირის ანალიზს უწყობს ხელს, რომლის შინაგანი კონფლიქტის მიმდინარეობის მაყურებელი ჩვენდაუნებურად ვხდებით.