სპირიტუალური ჯოჯოხეთი და ავსტრალიელი რეჟისორების, დენი და მაიკ ფილიპუს მოულოდნელი სადებიუტო ჰორორი.
ახალგაზრდა მეგობრების დიდი ჯგუფი იმით ერთობა, რომ გარდაცვლილი მისნის ხელის ყალიბის მეშვეობით სპირიტუალურ სეანსებს აწყობს. იმ სამყაროსთან დაკავშირებას თავისი წესები აქვს, რომლის ზედმიწევნით შესრულება თავის ადგილზე აბრუნებს ყველაფერს. ადამიანმა, ვისაც იმქვეყნიურ სულებთან დაკავშირება სურს, უნდა წარმოსთქვას – ,,დამელაპარაკე” და შემდეგ – ,,მე გიშვებ ჩემში”. ამის შემდგომ ხელთან კონტაქტი 90 წამზე მეტი დაუშვებელია. მია, რომელიც მეგობრების წრეში პირველი გარისკავს იმქვეყნიურთან კავშირზე გასვლას, ერთ-ერთი სეანსის დროს გარდაცვლილ დედას ამოიცნობს მისი მეგობრის ხმაში და გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს. იწყება კოშმარი, რომლის შეჩერება მიას და მისი მეგობრების ძალებს აღემატება.
ფილმში უცნობი ახალგაზრდა მსახიობებია დაკავებული, რომლებიც დაკისრებულ სპირიტუალურ მოვალეობებს ძალიან დამაჯერებლად უძღვებიან და საჭირო ატმოსფეროს ქმნიან. ფილმში ნაჩვენები ახალგაზრდული ქარაფშუტობა თუ მიამიტობა და ყველაფრის ამოუცნობის მიმართ ინტერესი, როგორც არასდროს ისეთი საშიში და შემაშფოთებელია. დენი და მაიკ ფილიპუს პირველივე გადადგმული ნაბიჯი კინოში სხვა მიმართულებას სძენს საშინელებათა ჟანრს და მისტიური ჰორორი სხვა ჯოჯოხეთურ წრეში გადაჰყავს.