აპოკალიფტური ლონდონი – ახალშობილთან ერთად კლიმატური კატასტროფის წინაშე დარჩენილი დედა
დასასრული საიდანაც ვიწყებთ მეგან ჰანტერის 2017 წლის დისტოპიური რომანია, რომელის მიხედვითაც 2023 წელს მაჰალია ბელო პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებს. რეჟისორის თქმით, რომანმა წაკითხვისთანავე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, თუმცა, მისი ეკრანიზაცია ალის ბირჩის (ლედი მაკბეტის სცენარისტი) სცენარის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
The End We Start from-ის ცენტრალური ფიგურა ქალია (ჯოდი კომერი Killing Eve-დან), რომელიც ლონდონის წყალდიდობის პარალელურად აჩენს შვილს და მაშინ, როცა თითქოს სამყაროს აღსასრულია, დატბორილი სახლების, ქუჩების, შიმშილის, გადაუღებელი წვიმისა და უიმედობის ფონზე იბადება ახალი სიცოცხლე, რომელსაც დაცვა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ფილმის არცერთ პერსონაჟს არ აქვს სახელი და ყველა მხოლოდ ერთი ინიციალითაა წარმოდგენილი ბავშვის გარდა, რომელსაც ზებს არქმევენ. დედა განზოგადებული სახეა ქალის, ამიტომ მას რაიმე სახელთან იდენტიფიცირება არ სჭირდება და ინიციალიც კი არ აქვს.
დასასრული საიდანაც ვიწყებთ ყველაზე მეტად ფემინისტური ფილმია, რადგან გვაჩვენებს ქალს ბუნებრივ მდგომარეობაში, შიშებით. თითქოს აპოკალიფსი, რომელიც ლონდონშია და ფიზიკურია, იმ განცდებს ასახავს, რაც დედას მშობიარობის შემდეგ აქვს. “გამარჯობა, ვინ ხარ შენ?” – ასეთია პირველი შეხვედრა შვილთან. ახალ სიცოცხლეს, რომელიც, როგორც წესი ბედნიერებას უკავშირდება, რეალურად შფოთვა და აპოკალიფსი ახლავს, რაც არცოდნის შიშია, იდენტური გრძნობაა დედისთვის, რომელმაც ჯერ არ იცის ვინ არის და რა სჭირდება მის შვილს. ამიტომ ფიზიკური წინაღობები, რასაც დატბორილი ლონდონი ქმნის მხოლოდ ეხმარება დრამატულობის გამძაფრებას. მთავარი აქცენტი ქალზეა და ფილმში ყველა ეპიზოდი მისგან გამომდინარეობს.
ჯოდი კომერის პერსონაჟი ყველა დრამატულ მომენტში მარტოა, თუმცა მაჰალია ბელო სწორ ბალანსს იჭერს, როგორ არ უნდა იყოს მისი პარტნიორი, R კაცი, რომელიც საყვარელ ადამიანს ტოვებს. ყველა ეპიზოდი, სადაც ქალი R-ს იხსენებს, მხოლოდ სიყვარულს გამოხატავს, O-სთან ლაპარაკშიც აღნიშნავს, რომ მშობლების გარდაცვალება სწორედ მისმა მზრუნველობამ გადაატანინა, თუმცა, R-ის ტრაგედია და მენტალური მდგომარეობა მას გმირობის პასუხისმგებლობას უხსნის და წყვილის დაშორებაც არა ერთმანეთის მიტოვება, არამედ ლოგიკური დაცილებაა უკეთესი მომავლისთვის.
The End We Start from-ის კიდევ ერთი მთავარი თემაა ქალებს შორის მხარდაჭერა. O, რომელსაც ჯოდი კომერის პერსონაჟი თავშესაფარში იცნობს მისი მეგზური ხდება, ამ მომენტიდან ისინი ყველგან ერთმანეთის გვერდით არიან და კუნძულს, სადაც ლონდონის კატასტროფას მოწყვეტილი მცირე გაერთიანება ცხოვრობს, ერთად აღწევენ და თითქოს ეს არის ადგილი, სადაც მთავარი პერსონაჟი უნდა დამშვიდდეს, რადგან უსაფრთხოდაა და საჭმელიც აქვს, თუმცა ის ამ საზოგადოებას არ ეკუთვნის. მისთვის, ისევე როგორც ბენედიქტ კამბერბაჩის პერსონაჟისთვის, იმის დავიწყება, რაც უკან დატოვა რთულია, გაერთიანების მთავარი მოთხოვნა კი სწორედ ეს არის, შეწყვიტონ ფიქრი წარსულზე.
ფილმის მთავარი სიმბოლოა წყალი, ძალა და კატასტროფის მთავარი შემოქმედი. ჯოდი კომერის პერსონაჟის საბოლოო გადაწყვეტილება დაბრუნდეს სახლში, მოძებნოს R, ცვლილება, რომელიც მასში ხდება, განბანვის, განწმენდის, წყალში შესვლის შედეგია.
The End We Start from-ის დასკვნითი სცენა სწორედ დასასრულია, საიდანაც იწყება ახალი და სიმბოლურია, რომ ფილმი ბავშვის პირველი გადადგმული ნაბიჯებით მთავრდება.
ფილმის პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წლის 10 სექტემბერს.